დაწერილი: ფ. ენგელსის მიერ 1847 წლის ოქტომბრის დამლევს — ნოემბერში.
გამოქვეყნებული: პირველად ცალკე გამოცემად დაიბეჭდა 1914 წელს.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი I, 1989 წ. [იბეჭდება ცალკე ბროშურის ტექსტის მიხედვით: ფ. ენგელსი. “კომუნიზმის პრინციპები”. თბილისი, 1972 წ.]
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
1-ლი კითხვა: რა არის კომუნიზმი?
პასუხი: კომუნიზმი არის მოძღვრება პროლეტარიატის განთავისუფლების პირობების შესახებ.
მე-2 კითხვა: რა არის პროლეტარიატი?
პასუხი: პროლეტარიატი ეწოდება იმ საზოგადოებრივ კლასს, რომელიც თავის საარსებო საშუალებებს შოულობს მხოლოდ და მხოლოდ თავისი შრომის გაყიდვის გზით და არა კაპიტალის რაიმე მოგებით, კლასს, რომლის ბედნიერება და უბედურება, სიცოცხლე და სიკვდილი, მთელი არსებობა დამოკიდებულია მოთხოვნაზე შრომის მიმართ, ე. ი. საქმეების კარგი და ცუდი მდგომარეობის ცვლაზე, შეუკავებელი, თავისუფალი კონკურენციის რყევაზე. ერთი სიტყვით, პროლეტარიატი, ანუ პროლეტართა კლასი არის მშრომელი კლასი XIX საუკუნისა.
მე-3 კითხვა: მაშ პროლეტარები ყოველთვის არსებობდნენ?
პასუხი: არა, ყოველთვის არა. ღარიბი და მშრომელი კლასები ყოველთვის იყვნენ, და ჩვეულებრივ მშრომელი კლასები სიღარიბეში იმყოფებოდნენ, მაგრამ ისეთი ღარიბები, ისეთი მუშები, რომლებსაც აღნიშნულ პირობებში ჰქონებოდეთ ცხოვრება, ე. ი. პროლეტარები, ყოველთვის როდი არსებობდნენ და არც კონკურენცია ყოფილა ყოველთვის სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავი.
მე-4 კითავა: როგორ წარმოიშვა პროლეტარიატი?
პასუხი: პროლეტარიატი წარმოიშვა იმ სამრეწველო რევოლუციის შედეგად, რომელიც მოხდა ინგლისში წარსული (XVIII) საუკუნის მეორე ნახევარში და ამის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ეს სამრეწველო რევოლუცია გამოწვეულ იქნა ორთქლის მანქანის, სხვადასხვა სართავი მანქანების, მექანიკური საფეიქრო დაზგისა და მთელი რიგი სხვა მექანიკური მოწყობილობების გამოგონებით. ამ მანქანებმა, რომლებიც ძალიან ძვირი ღირდა და მხოლოდ მსხვილი კაპიტალისტებისათვის იყო ხელმისაწვდომი, შეცვალეს მთელი მანამდე არსებული წესი წარმოებისა და განდევნეს წინანდელი მუშები. საქმე იმაშია, რომ მანქანები საქონელს ამზადებდნენ უფრო იაფად და უკეთესად, ვიდრე მისი დამზადება შეეძლოთ მუშებს თავიანთი ნაკლოვანი თითისტარებისა და სართავი დაზგების დახმარებით. ამგვარად, ამ მანქანებმა მრეწველობა მთლად ხელში მისცეს კაპიტალისტებს და სრულიად ფასი დაუკარგეს იმ უმნიშვნელო საკუთრებას, რომელიც მუშებს ჰქონდათ (ხელსაწყოები, საფეიქრო დაზგები და სხვ.), — ასე რომ, კაპიტალისტებმა მალე ყველაფერი ჩაიგდეს ხელში და მუშებს არა დარჩათ რა. ამის გამო ქსოვილების დამზადების დარგში ფაბრიკული სისტემა იქნა შემოღებული. როგორც კი იმპულსი მიეცა მანქანებისა და საფაბრიკო სისტემის შემოღებას, ეს სისტემა მალე გავრცელდა მრეწველობის ყველა დანარჩენ დარგშიც, განსაკუთრებით ქსოვილების დაჩითვის დარგში, წიგნის ბეჭდვის საქმეში, სამეთუნეო მრეწველობაში და ლითონის ნაწარმთა წარმოებაში. შრომა სულ უფრო და უფრო დაყოფილ იქნა ცალკეულ მუშებს შორის, ასე რომ, მუშამ, რომელიც უწინ მთელ სამუშაოს ასრულებდა, ახლა მხოლოდ მისი ნაწილის კეთება იწყო. შრომის ამ დანაწილებამ შესაძლებელი გახადა პროდუქტები დამზადებულიყო უფრო სწრაფად და ამიტომ უფრო იაფადაც. მან თითოეული მუშის მოქმედება დაიყვანა ერთ რომელსამე მეტად მარტივ, მუდამ ისევ და ისევ გასამეორებელ, მექანიკურ ხერხზე, რომლის შესრულება ასეთივე წარმატებით, და უკეთესადაც კი, შეეძლო მანქანას. ამის გამო მრეწველობის ყველა დარგი, ერთიმეორის მიყოლებით, დაექვემდებარა ორთქლის, მანქანებისა და საფაბრიკო სისტემის ძალას, ისე როგორც ამას ადგილი ჰქონდა სართავ და საფეიქრო წარმოებაში. მაგრამ ამით ეს დარგები მთლად მსხვილი კაპიტალისტების ხელში გადადიოდნენ და მუშები აგრეთვე აქაც ჰკარგავდნენ თავიანთი თავისთავადობის უკანასკნელ ნაშთებს. თანდათან საფაბრიკო სისტემამ თავისი ბატონობა გაავრცელა არა მარტო მანუფაქტურაზე, ამ სიტყვის ნამდვილი აზრით, არამედ იწყო სულ უფრო და უფრო ხელობის დაუფლებაც, რადგან ამ დარგშიაც მსხვილი კაპიტალისტები აძევებდნენ წვრილ ოსტატებს, — აწყობდნენ დიდ სახელოსნოებს, სადაც შეიძლებოდა ეკონომიის მიღწევა ბევრ ხარჯში და თან შრომის დეტალური დანაწილების შემოღებაც. და შედეგად დღეს ჩვენ გვაქვს ის, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში შრომის თითქმის ყველა დარგში დამყარებულია წარმოების ფაბრიკული წესი და თითქმის ყველგან ხელობა და მანუფაქტურა განდევნილია მსხვილი მრეწველობის მიერ. ამის გამო წინანდელი საშუალო წოდება, განსაკუთრებით წვრილი ხელოსნობა, სულ უფრო და უფრო ნადგურდება, მუშის მდგომარეობა მკვეთრათ იცვლება, და იქმნება ორი ახალი კლასი, რომლენიც თანდათან ნთქავენ ყველა დანარჩენთ. სახელდობრ:
კლასი მსხვილი კაპიტალისტებისა, რომელნიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში უკვე ამჟამად არიან თითქმის ერთადერთი მფლობელნი ყველა საარსებო საშუალებათა, აგრეთვე ნედლეულის და იარაღებისა (მანქანები, ფაბრიკები და ა. შ.), რომლებიც საჭიროა მათ საწარმოებლად. ეს არის ბურჟუათა კლასი ანუ ბურჟუაზია.
კლასი სრულიად უქონელთა, რომელნიც იძულებული არიან ბურჟუებს მიჰყიდონ თავიანთი შრომა, რათა სამაგიეროდ მიიღონ მათი საარსებო საშუალებანი. იმ კლასს ეწოდება პროლეტარების კლასი ანუ პროლეტარიატი.
მე-5 კითხვა: რა პირობებში ხდება პროლეტარების შრომის მიყიდვა ბურჟუებისათვის?
პასუხი: შრომა ისეთივე საქონელია, როგორც ყოველი სხვა საქონელი და მისი ფასი იმავე კანონებით განისაზღვრება, რომლებითაც განისაზღვრება აგრეთვე ყოველი სხვა საქონლის ფასი. მსხვილი მრეწველობის ანუ თავისუფალი კონკურენციის ბატონობის დროს, — რაც, როგორც ჩვენ შემდგომ დავინახავთ, ერთი და იგივე არის, — საქონლის ფასი საშუალოდ ამ საქონლის წარმოების ხარჯებს უდრის. მაშასადამე, შრომის ფასიც შრომის წარმოების ხარჯებს უდრის, ხოლო შრომის წარმოების ხარჯები საარსებო საშუალებების სწორედ იმ რაოდენობისაგან შედგება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მუშას შეეძლოს შეინარჩუნოს თავისი შრომისუნარიანობა და რომ მუშათა კლასი არ ამოწყდეს. იმაზე მეტს, რაც ამ მიზნისთვისაა საჭირო, მუშა ვერ მიიღებს თავისი შრომისათვის; შრომის ფასი ანუ შრომის ხელფასი იქნება, მაშასადამე, უდაბლესი, იმ მინიმუმის შემადგენელი, რომელიც აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მაგრამ რადგან საქმეებს ხან უკეთესი დრო აქვს და ხან ცუდი, ამიტომ მუშა ხან მეტს და ხან ნაკელბ ფულს იღებს თავის საქონელში. და როგორც ფაბრიკანტი საშუალოდ, თუ ავიღებთ კარგ დროს და ცუდ დროსაც, თავის საქონელში იღებს მაინც წარმოების ხარჯებზე არც მეტს და არც ნაკლებს, ისევე მუშაც საშუალოდ მიიღებს ამ მინიმუმზე არც მეტს და არც ნაკლებს. შრომის ხელფასის ეს ეკონომიური კანონი მით უფრო სასტიკად განხორციელდება ხოლმე, რაც უფრო და უფრო დაეუფლება მსხვილი მრეწველობა შრომის ყველა დარგს.
მე-6 კითხვა: რომელი მშრომელი კლასები არსებობდნენ სამრეწველო რევოლუციამდე?
პასუხი: მშრომელი კლასები, საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურების მიხედვით, სხვადასხვა პირობებში ცხოვრობდნენ და სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ მქონებელ და გაბატონებულ კლასებთან. ძველ დროში მშრომელები მონები იყვნენ თავიანთი პატრონებისა, ისე როგორც დღესაც კიდევ ისინი მონები არიან ბევრ ჩამორჩენილ ქვეყანაში და თვით შეერთებულ შტატებშიაც კი, — სამხრეთ ნაწილში. შუა საუკუნეებში ისინი მემამულე-თავადაზნაურების ყმები იყვნენ, დღესაც კიდევ ყმებად არიან დარჩენილი უნგრეთში, პოლონეთში და რუსეთში. გარდა ამისა, ქალაქებში, შუა საუკუნეებიდან დაწყებული თვით სამრეწველო რევოლუციამდე, იყვნენ ხელოსანთა ქარგლები, რომელნიც წვრილ-ბურჟუაზიულ ოსტატებთან მუშაობდნენ, ხოლო მანუფაქტურის მუშები, რომლებსაც უფრო მსხვილი კაპიტალისტები ქირაობდნენ.
მე-7 კითხვა: რით განსხვავდება პროლეტარი მონისაგან?
პასუხი: მონა გაყიდულია ერთხელ და სამუდამოდ, პროლეტარმა კი თავი უნდა გაჰყიდოს ყოველ დღე და ყოველ საათს. თითოეული ცალკეული მონა გარკვეული პატრონის საკუთრებას შეადგენს, და პატრონის დაინტერესებულობის გამო მონის არსებობა უზრუნველყოფილია, რაგინდ უბადრუკი იყოს ეს არსებობა. ცალკეული პროლეტარი კი, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიის მთელი კლასის საკუთრებას შეადგენს. მის შრომას მხოლოდ მაშინ ყიდულობენ, როდესაც ვინმეს იგი ესაჭიროება, და ამიტომ პროლეტარის არსებობა უზრუნველყოფილი არაა. ეს არსებობა უზრუნველყოფილია მხოლოდ პროლეტართა კლასისათვის მთლიანად. მონა კონკურენციის გარეთ არის, პროლეტარი კი კონკურენციის პირობებში იმყოფება და თავის თავზე გრძნობს ყველა მის რყევას. მონა ითველბა ნივთად და არა სამოქალაქო საზოგადოების წევრად. პროლეტარი კი აღიარებულია პიროვნებად და საზოგადოების წევრადაც. მაშასადამე, მონას შეიძლება უფრო გასაძლისი არსებობა ჰქონდეს, ვინემ პროლეტარს, მაგრამ პროლეტარი იმ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე არის, და თვითონაც უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვინემ მონა. მონა ითავისუფლებს თავს მით, რომ კერძო საკუთრების ყველა ურთიერთობიდან მარტო ერთ ურთიერთობას — მონობის ურთიერთობას — სპობს და ამის მეოხებით მხოლოდ მაშინ ხდება იგი პროლეტარად; პროლეტარს კი შეუძლია თავის განთავისუფლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსპობს კერძო საკუთრებას საერთოდ.
მე-8 კითხვა: რით განსხვავდება პროლეტარი ყმისაგან?
პასუხი: ყმის მფლობელობასა და სარგებლობაში არის წარმოების იარაღი (Produktionsinstrument), მიწის ნაჭერი, და ამისათვის იგი აძლევს ბატონს თავისი შემოსავლის ნაწილს ან ასრულებს განსაზღვრულ სამუშაოებს. პროლეტარი კი მუშაობს წარმოების იარაღებით, რომლებიც სხვას ეკუთვნის, და სამუშაოს ასრულებს ამ სხვის სასარგებლოდ, სამაგიეროდ იღებს შემოსავლის ნაწილს. ყმა აძლევს, პროლეტარს აძლევენ. ყმის არსებობა უზრუნველყოფილია, პროლეტარის არსებობა არაა უზრუნველყოფილი. ყმა კონკურენციის გარეთ დგას, პორლეტარი კონკურენციის პირობებშია. ყმა ითავისუფლებს თავს ან იმით, რომ ქალაქში გარბის და იქ ხელოსნად ხდება, ან იმით, რომ თავის ბატონს, მუშაობის ან პროდუქტის ნაცვლად, ფულს აძლევს ხოლმე, ხდება თავისუფალ მოიჯარედ, ანდა იმით, რომ თავის ფეოდალს გააგდებს და თვითონ გახდება მესაკუთრედ. ერთი სიტყვით, იგი ითავისუფლებს თავს იმით, რომ ასე თუ ისე გადადის საკუთრების მფლობელი კლასის რიგებში და შედის კონკურენციის სფეროში. პროლეტარი კი ითავისუფლებს თავს იმით, რომ სპობს კონკურენციას, კერძო საკუთრებას და ყველა კლასობრივ განსხვავებას.
მე-9 კითხვა: რით განსხვავდება პროლეტარი ხელოსნისაგან?[1]
მე-10 კითხვა: რით განსხვავდება პროლეტარი მანუფაქტურის მუშისაგან?
პასუხი: XVI — XVII საუკუნეთა მანუფაქტურის მუშა თითქმის ყველგან ჯერ კიდევ ჰფლობდა წარმოების იარაღებს: თავის საქსოვ დაზგას, თითისტარებს თავისი ოჯახისათვის და მიწის პატარა ნაჭერს, რომელსაც ამუშავებდა სამრეწველო მუშაობისაგან თავისუფალ საათებში. პროლეტარს კი არაფერი ეს არა აქვს. მანუფაქტურის მუშა თითქმის ყოველთვის სოფელში ცხოვრობს და მეტ-ნაკლებ პატრიარქალური დამოკიდებულება აქვს თვის ბატონთან ან მეწარმესთან, პროლეტარი კი მეტწილად დიდ ქალაქებში ცხოვრობს და მეწარმესთან მას წმინდა ფულადი დამოკიდებულება აკავშირებს. მსხვილ მრეწველობას მანუფაქტურის მუშა გამოჰყავს მისი პატრიარქალური პირობებიდან; მუშა ჰკარგავს უკანასკნელ ქონებას, რომელსაც ჯერ კიდევ ფლობდა, და მხოლოდ მაშინ იქცევა იგი პროლეტარად.
მე-11 კითხვა: როგორი იყო სამრეწველო რევოლუციის და ბურჟუებად და პროლეტარებად საზოგადოების დაყოფის უახლოესი შედეგები?
პასუხი: ჯერ ერთი, იმის გამო, რომ მანქანური შრომა სულ უფრო და უფრო დაბლა სწევდა სამრეწველო ნაწარმის ფასებს, ხელით მუშაობაზე დამყარებული მანუფაქტურის ანუ მრეწველობის სისტემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაინგრა. ყველა ნახევრად ბარბაროსული ქვეყნები, რომელნიც აქამდე მეტ-ნაკლებ მოკლებული იყვნენ ისტორიულ განვითარებას და რომელთა მრეწველობა დღემდე მანუფაქტურაზე იყო დამყარებული, ძალით იქნენ ამგვარად მათი კარჩაკეტილობის მდგომარეობიდან გამოყვანილი. იმათ იწყეს ინგლისელების უფრო იაფი საქონლის ყიდვა და დასაღუპად გასწირეს თავიანთი საკუთარი სამანუფაქტურო მუშები. ამნაირად, ისეთმა ქვეყნებმა, რომელნიც მრავალი ათასი წლის განმავლობაში ერთ ადგილას იყვნენ გაჩერებული, როგორც, მაგალითდ, ინდოეთი, სრული რევოლუცია განიცადეს, და ჩინეთიც კი ამჟამად რევოლუციისაკენ მიიმართება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ახალი მანქანა, რომელსაც დღეს ინგლისში გამოიგონებენ, ერთი წლის შემდეგ პურს უსპობს ჩინეთში მილიონობით მუშას. ამგვარად, მსხვილმა მრეწველობამ ერთმანეთს დაუკავშირა დედამიწის ყველა ხალხი, პატარა ადგილობრივი ბაზრები ყველა გააერთიანა მსოფლიო ბაზრად, გაავრცელა ყველგან ცივილიზაცია და პროგრესი და გამოიწვია ის, რომ ყველაფერმა, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, გავლენა უნდა მოახდინოს ყველა დანარჩენ ქვეყნებზე; ასე რომ, თუ დღეს ინგლისში ან საფრანგეთში მუშებმა თავი გაითავისუფლეს, ამან ყველა დანარჩენ ქვეყნებში უნდა გამოიწვიოს რევოლუციები, რომელნიც ადრე თუ გვიან შედეგად მოიტანენ იქაური მუშების განთავისუფლებას.
მეორე, — ყველგან, სადაც მსხვილმა მრეწველობამ მანუფაქტურის ადგილი დაიჭირა, სამრეწველო რევოლუციამ მეტისმეტად გაამრავლა ბურჟუაზიის სიმდიდრე და ძლიერება და ბურჟუაზია გადააქცია პირველ კლასად ქვეყანაში. შედეგი ამისა იყო ის, რომ ყველგან, სადაც ასეთი პროცესი შესრულდა, ბურჟუაზიამ ხელთ იგდო პოლიტიკური ხელისუფლება და განდევნა სხვა კლასები, რომელნცი მანამდე ბატონობდნენ, — არისტოკრატია, ამქრული მოაქალაქეთა წოდება და ორივეს წარმომადგენელი აბსოლუტური მონარქია. ბურჟუაზიამ მოსპო არისტოკრატიის, თავადაზნაურობის ძალაუფლება, გააუქმა რა მაიორატები ანუ საადგილმამულო სამფლობელოთა გაუსხვისებლობა და ყველა თავადაზნაურული პრივილეგია. მან დაარღვია ამქრული მოქალაქეთა წოდების ძალაუფლება და გააუქმა ხელოსანთა ყველა კორპორაცია და ყველა პრივილეგია. ერთთა და მეორეთა ადგილას მან დააყენა თავისუფალი კონკურენცია, ე. ი. საზოგადოების ისეთი მდგომარეობა, როდესაც თითოეულს უფლება აქვს იმოსაქმეოს სამრეწველო მოქმედების ყოველ დარგში, და ამაში მას ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის, გარდა ამისათვის საჭირო კაპიტალის უქონლობისა. თავისუფალი კონკურენციის შემოღება, ამგვარად, ნიშნავს იმის აშკარად გამოცხადებას, რომ ამიერიდან საზოგადოების წევრები ერთმანეთის თანასწორნი არ არიან მარტოოდენ იმდენად, რამდენადაც თანასწორი არაა მათი კაპიტალები, რომ კაპიტალი ხდება გადამწყვეტ ძალად და კაპიტალისტები, ბურჟუები, მით ხდებიან საზოგადოების პირველ კლასად. მაგრამ თავისუფალი კონკურენცია საჭიროა მსხვილი მრეწველობის განვითარების დაწყებითი პერიოდისათვის, იმიტომ რომ იგი წარმოადგენს ერთადერთ საზოგადოებრივ პირობას, რომლის არსებობისას შესაძლოა გაიზარდოს მსხვილი მრეწველობა. ბურჟუაზიამ, როდესაც ამგვარად მოსპო თავადაზნაურობისა და ამქრული მოქალაქეთა წოდების ძალაუფლება, მოსპო აგრეთვე მათი პოლიტიკური ძალაუფლებაც. იქცა რა პირველ კლასად საზოგადოებაში, მან გამოაცხადა თავისი თავი პირველ კლასად პოლიტიკურ სფეროშიც. ეს მან გააკეთა იმ წარმომადგენლობით სისტემის შემოღების გზით, რომელიც დამყარებულია ბურჟუაზიულ თანასწორობაზე კანონის წინაშე, თავისუფალი კონკურენციის აღიარებაზე კანონმდებლობის მიერ. ეს სისტემა ევროპის ქვეყნებში შემოღებულია კონსტიტუციური მონარქიის სახით. კონსტიტუციურ მონარქიებში ამომრცევლების უფლებებით სარგებლობენ მხოლოდ ისინი, ვისაც განსაზღვრული კაპიტალი აქვთ, ე. ი. მხოლოდ ბურჟუები. ეს ბურჟუა-ამომრჩევლები ირჩევენ დეპუტატებს, ხოლო ეს ბურჟუა-დეპუტატები, სარგებლობენ რა ხარკებზე უარისთქმის უფლებით, ირჩევენ ბურჟუაზიულ მთავრობას.
მესამე, — სამრეწველო რევოლუციამ ყველგან ხელი შეუწყო პროლეტარიატის განვითარებას იმავე ზომით, რა ზომითაც ხელი შეუწყო ბურჟუაზიის განვითარებას. რაც უფრო მდიდრდებოდა ბურჟუაზია, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდნენ პროლეტარები. რადგან პროლეტარებისათვის სამუშაოს მიცემა მხოლოდ კაპიტალს შეუძლია, ხოლო კაპიტალი მარტოოდენ მაშინ დიდდება, როდესაც მუშებს გამოიყენებს ხოლმე, ამიტომ პროლეტარიატის ზრდა ზედმიწევნით შეესაბამება კაპიტალის ზრდას. იმავე დროს სამრეწველო რევოლუცია ბურჟუებსა და პროლეტარებს აგროვებს დიდ ქალაქებში, სადაც მრეწველობის შექმნა ყველაზე უფრო ხელსაყრელია, და ერთ ადგილას ვეება მასების ამ თავმოყრით პროლეტარებს ჩააგონებს მათი ძალის შეგნებას. შემდეგ, რამდენადაც ვითარდება სამრეწველო რევოლუცია, რამდენადაც ხდება ახალი მანქანების გამოგონება, რომელნიც ხელით მუშაობას აძევებენ, — მსხვილი მრეწველობა სულ უფრო და უფრო ძლიერად აწვება შრომის ხელფასს და, როგორც უკვე ვთქვით, მინიმუმამდე დაბლა სწევს მას, რის გამო პროლეტარიატის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება. ასე, ერთ მხრივ, პროლეტარიატის უკმაყოფილების ზრდის გამო, და, მეორე მხრივ, მისი ძალის ზრდის გამო სამრეწველო რევოლუცია ამზადებს სოციალურ რევოლუციას, რომელსაც მოახდენს პროლეტარიატი.
მე-12 კითხვა: როგორი იყო სამრეწველო რევოლუციის შემდგომი შედეგები?
პასუხი: მსხვილმა მრეწველობამ შეჰქმნა, ორთქლისა და სხვა მანქანების სახით, საშუალებები, რომელნიც შესაძლებლობას იძლევიან მოკლე ხანში და მცირე ხარჯების გაწევით უსასრულოდ გადიდებულ იქნეს სამრეწველო წარმოება. წარმოების გაფართოების ასეთი სიადვილის მეოხებით თავისუფალმა კონკურენციამ, რომელიც აუცილებლობის გზით წარმოსდგება მსხვილი მრეწველობიდან, მალე მეტისმეტად მწვავე ხასიათი მიიღო. კაპიტალისტთა მასა მიაწყდა მრეწველობას, და სულ მალე წარმოებულ იქნა იმაზე მეტი, რისი მოხმარებაც შეიძლებოდა. ამის შედეგი იყო ის, რომ შეუძლებელი გახდა წარმოებულ საქონელთა გაყიდვა, და დადგა ეგრეთ წოდებული სავაჭრო კრიზისი. ფაბრიკები იძულებული იყვნენ წარმოება შეეჩერებინათ. ფაბრიკანტებმა გაკოტრება გამოაცხადეს, და მუშებმა ლუკმა პური დაჰკარგეს. ყველგან საშინელი სიღატაკე გამეფდა. ფაბრიკებმა ხელახლა დაიწყეს მუშაობა, შრომის ხელფასმა აიწია, და თანდათან საქმეები წინანდელზე კიდევ უკეთ წავიდა. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან მალე ისევ მეტისმეტად ბევრი საქონელი იქნა წარმოებული, დადგა ახალი კრიზისი, რომელმაც სავსებით ისე განვლო, როგორც წინანდელმა. ამგვარად, ამ საუკუნის დასაწყისიდან მრეწველობა განუწყვეტლივ ირყეოდა აყვავებისა და კრიზისის პერიოდებს შორის, და თითქმის რეგულარულად ყოველ ხუთი-შვიდი წლის შემდეგ დგებოდა ასეთი კრიზისი, და თან ყოველთვის იგი იწვევდა საშინელ გაჭირვებას მუშებში, საერთო რევოლუციურ მღელვარებას და ჰქმნიდა უდიდეს საფრთხეს მთელი არსებული წყობილებისათვის.
მე-13 კითხვა: რა გამომდინარეობს ამ რეგულარულად განმეორებული სავაჭრო კრიზიებიდან?
პასუხი: ჯერ ერთი, ის, რომ თმცა მსხვილმა მრეწველობამ თავისი განვითარების პირველ ხანაში თვითონ შეჰქმნა თავისუფალი კონკურენცია, მაგრამ ამჟამად მან უკვე გაუსწრო თავისი ზრდით თავისუფალ კონკურენციას; რომ კონკურენცია და საერთოდ ცალკეული პირების მეშვეობით გაძღოლა სამრეწველო წარმოებისა გადაიქცა ბორკილად, რომელიც მსხვილმა მრეწველობამ უნდა დალეწოს და დალეწავს კიდეც; რომ მსხვილ მრეწველობას, ვიდრე მისი წარმართვა დღევანდელ საფუძველთა მიხედვით წარმოებს, არ შეუძლია არსებობა უიმისოდ, რომ არ გამოიწვიოს ყოველ შვიდ წელში განმეორებული საერთო მოშლილობა, ხოლო ეს ყოველთვის ხიფათში აგდებს მთელს ცივილიზაციას და არა მარტო პროლეტარებს ყრის სიღატაკის ორმოში, არამედ მრავალ ბურჟუასაც აჩანაგებს; რომ, მაშასადამე, აუცილებელია ან უარი ვთქვათ მსხვილ მრეწველობაზე, — რაც აბსოლუტურად შეუძლებელი არის, — ანდა შეიქმნას საზოგადოების სრულიად ახალი ორგანიზაცია, რომლის დროსაც სამრეწველო წარმოების ხელმძღვანელობა განხორციელებული იქნება არა ცალკეული, ერთიმეორის მეტოქე ფაბრიკანტების მიერ, არამედ მთელი საზოგადოების მიერ მტკიცე გეგმის თანახმად და ყველა მოქალაქეთა მოთხოვნილებების შესაბამისად.
მეორე ის, რომ მსხვილი მრეწველობა და მის მიერ გამოწვეული შესაძლებლობა წარმოების უსასრულო გაფართოებისა საშუალებას იძლევა შეიქმნას ისეთი საზოგადოებრივი წყობილება, რომელშიაც ყველა საარსებო საგანი ისე ბლომად იქნება წარმოებული, რომ საზოგადოების თოთეულ წევრს შესაძლებლობა ექნება თავისუფლად განავითაროს და გამოიყენოს ყველა თავისი ძალა და უნარი. ამრიგად, მსხვილი მრეწველობის სწორედ ის თვისება, რომელიც ყველა სავაჭრო კრიზისის წარმომშობია, — სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის არსებობისას სწორედ ის საშუალება იქნება, რომელიც მოსპობს ამ სიღატაკეს და ბედუკუღმართობით აღსავსე მერყეობას.
ამგვარად, სავსებით დამაჯერებლად დამტკიცებულია:
1) რომ ამჟამად ყველა ეს უბედურება აიხსნება მხოლოდ საზოგადოებრივი წყობილებით, რომელიც უკვე არ შეესაბამება დროის პირობებს;
2) რომ უკვე მოიპოვება საშუალებები ამ უბედურების საბოლოოდ მოსასპობად ახალი საზოგადოებრივი წყობილების შექმნის გზით.
მე-14 კითხვა: როგორი უნდა იყოს ეს ახალი საზოგადოებრივი წყობილება?
პასუხი: უწინარეს ყოვლისა, მრეწველობის და საერთოდ წარმოების ყველა დარგის გამგებლობა ჩამოერთმევა ცალკეულ, ერთმანეთის მოქიშპე პიროვნებებს. ნაცვლად ამისა, წარმოების ყველა დარგი მთელი საზოგადოების გამგებლობაში იქნება, ე. ი. ეს გამგებლობა წარმართული იქნება საზოგადოების სასარგებლოდ, საზოგადოებრივი გეგმის თანახმად და საზოგადოების ყველა წევრთა მონაწილეობით. ამგვარად, ეს ახალი საზოგადოებრივი წყობილება მოსპობს კონკურენციას და მას შეცვლის ასოციაციით. რადგანაც მრეწველობის წარმართვას ცალკეული პირების მიერ თავის აუცილებელ შედეგად კერძო საკუთრება აქვს და რადგანაც კონკურენცია სხვა არა არის რა, თუ არ მრეწველობის გაძღოლის ისეთი წესი, როდესაც მრეწველობას განაგებენ ცალკეული კერძო მესაკუთრეები, ამიტომ კერძო საკთრება განუყრელად დაკავშირებულია ერთმანეთისაგან დამოუიკიდებელ საწარმოთა არსებობასა და კონკურენციასთან. მაშასადამე, კერძო საკუთრებაც უნდა იქნეს გაუქმებული, ხოლო მის ადგილს დაიჭერს საერთო სარგებლობა წარმოების ყველა იარაღით და პროდუქტების განაწილება საერთო შეთანხმების მიხედვით, ანუ ეგრეთ წოდებული ერთობა ქონებისა. კერძო საკუთრების გაუქმება მთელი საზოგადოებრივი წყობილების იმ გარდაქმნის უმოკლეს და მეტად განმაზოგადებელ გამოხატულებასაც კი წარმოადგენს, რომელიც აუცილებელი შეიქნა მრეწველობის განვითარების გამო. ამიტომ სრულიად სწორად აქვთ კომუნისტებს თავიანთ მთავარ მოთხოვნად წამოყენებული კერძო საკუთრების გაუქმება.
მე-15 კითხვა: მაშ კერძო საკუთრების გაუქმება უწინ შეუძლებელი იყო?
პასუხი: დიახ, შეუძლებელი იყო. საზოგადოებრივი წყობილების ყოველი ცვლილება, საკუთრების ურთიერთობაში მომხდარი ყოველი გადატრიალება აუცილებელი შედეგი იყო ახალი მწარმოებლურ ძალთა შექმნისა, რომელნიც აღარ შეესაბამებოდნენ ძველი საკუთრების ურთიერთობას. ასე წარმოიშვა თვით კერძო საკუთრებაც. საქმე იმაშია, რომ კერძო საკუთრება ყოველთვის როდი არსებობდა: როდესაც შუა საუკუნეების ბოლოს მანუფაქტურის სახით წარმოიშვა წარმოების ახალი წესი, რომელიც მაშნდელი ფეოდალური და ამქრული საკუთრების ჩარჩოში ვერ თავსდებოდა, ამ მანუფაქტურამ, რომელიც თავისი ზრდთ გადასცილდა ძველ საკუთრების ურთიერთობას, შეჰქმნა თავისთვის საკუთრების ახალი ფორმა — კერძო საკთრება. მანუფაქტურისათვის და მსხვილი მრეწველობის განვითარების პირველი სტადიისათვის საკუთრების არავითარი სხვა ფორმა არ იყო შესაძლებელი, გარდა კერძო საკუთრებაზე დამყარებული წყობილებისა. ვიდრე შესაძლებელი არაა საქონელთა იმ რაოდენობით წარმოება, რომ არა თუ ჰყოფნიდეს ყველას, არამედ კიდევ პროდუქტების ნამეტიც რჩებოდეს საზოგადოებრივი კაპიტალის გასადიდებლად და მწარმოებლურ ძალთა შემდგომ გასავითარებლად, მანამდე ყოველთვის უნდა რჩებოდეს გაბატონებული კლასი, საზოგადოების მწარმოებლურ ძალთა განმკარგულებელი, და მეორე კლასი — ღარიბი და დაჩაგრული. ვინ არიან ეს კლასები, ეს წარმოების განვითარების საფეხურზეა დამოკიდებული. შუა საუკუნეებში, რომლებიც მიწათმოქმედებაზე იყო დამოკიდებული, — ჩვენ წინ არის ბატონი და ყმა; ნაგვიანევ შუა საუკუნეთა ქალაქებში — ამქრის ოსტატი, ქარგალი და დღიური მუშა; XVII საუკუნეში — მანუფაქტურის მფლობელი და მანუფაქტურის მუშა; XIX საუკუნეში — მსხვილი ფაბრიკანტი და პროლეტარი. სრულიად ცხადია, რომ დღემდე მწარმოებლური ძალები არ ყოფილა კიდევ იმდენად განვითარებული, რომ წარმოების მოცულობა ყველასათვის პროდუქტთა საკმაო რაოდენობის მომცემი ყოფილიყოს, და რომ კერძო საკუთრება დაბრკოლებას წარმოადგენდა მწარმოებლურ ძალთა განვითარებისათვის, იგი მათ ბორკავდა. მაგრამ ეხლა, მსხვილი მრეწველობის განვითარების მეოხებით, ჯერ ერთი, შექმნილია კაპიტალები და მწარმოებლური ძალები ისეთი ზომით, რომელიც უწინ არ გაგონილა, მოიპოვება საშუალებები, რომელთაც ძალუძთ მოკლე ხანში უსასრულოდ გაადიდონ ეს მწარმოებლური ძალები. მეორე, ეს მწარმოებლური ძალები თავმოყრილია მცირეოდენ ბურჟუათა ხელში, მაშინ როდესაც ხალხის ფართ მასები სულ უფრო და უფრო იქცევიან პროლეტარებად, და ამასთან მათი მდგომარეობა მით უფრო გაჭირვებული და აუტანელი ხდება, რაც უფრო დიდდება ბურჟუების სიმდიდრე. მესამე, იმ ღონიერმა, ადვილგასადიდებელმა მწარმოებლურმა ძალებმა ისე გადააჭარბეს თავიანთი ზრდით კერძო საკუთრებასა და ბურჟუას, რომ განუწყვეტლივ იწვევენ საზოგადოებრივი წყობილების უდიდეს შერყევას. ამიტომ მხოლოდ ახლა გახდა კერძო საკუთრების მოსპობა არათუ შესაძლებელი, არამედ სრულიად აუცილებელიც.
მე-16 კითხვა: შესაძლებელია თუ არა კერძო საკუთრების მოსპობა მშვიდობიანი გზით?
პასუხი: სასურველი იქნებოდა, რომ ეს ასე ყოფილიყო, და კომუნისტები, რასაკვირველია, არასოდეს ამის წინააღმდეგი არ იქნებოდნენ. კომუნისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ყოველივე შეთქმულება არათუ უსარგებლო, მავნებელიც არის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რევოლუციების მოხდება არ შეიძლება თვითნებურად და დაკვეთით და რომ რევოლუციები ყველგან და ყოველთვის იმ გარემოებათა აუცილებელ შედეგას წარმოადგენდნენ, რომელნიც სრულიად არ იყვნენ ცალკეული პარტიებისა და მთელი კლასების ნებასა და ხელმძღვანელობაზე დამოკიდებული. მაგრამ, ამასთან ერთად, ისინი ხედავენ, რომ პროლეტარიატის განვითარებას თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ძალით ახშობენ და რომ მით კომუნისტების მოწინააღმდეგენი მთელი ძალ-ღონით რევოლუციისათვის მუშაობენ. და თუ ყველაფერი ეს, ბოლოს და ბოლოს, პროლეტარიატის აიძულებს რევოლუციას დაადგეს, ჩვენ კომუნისტები, მაშინ პროლეტარიატის საქმეს უფრო ცუდად არ დავიცავთ საქმით, ვიდრე დღეს მას ვიცავთ სიტყვით.
მე-17 კითხვა: შესაძლებელია თუ არა კერძო საკუთრების ერთბაშად მოსპობა?
პასუხი: არა, არაა შესაძლებელი, ისე როგორც არაა შესაძლებელი წარმოების არსებული საშუალებების ერთბაშად გადიდება ისეთი ზომით, როგორც ეს საჭიროა საზოგადოებრივი წარმოების შესაქმნელად. ამიტომ პროლეტარიატის რევოლუცია, რომელიც ალბათ მოხდება, შეძლებს დღევანდელი საზოგადოების მხოლოდ თანდათან გარდაქმნას და მხოლოდ მას შემდეგ გააუქმებს კერძო საკუთრებას, როდესაც უკვე შექმნილი იქნება ამისათვის აუცილებელი მასა წარმოების საშუალებათა.
მე-18 კითხვა: როგორი იქნება ამ რევოლუციის მსვლელობა?
პასუხი: უწინარეს ყოვლისა იგი შექმნის დემოკრატიულ წყობილებას და მით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, პროლეტარიატის პოლიტიკურ ბატონობას. პირდაპირ — ინგლისში, სადაც პროლეტარები უკვე დღეს შეადგენენ ხალხის უმრავლესობას, არაპირდაპირ — საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც ხალხის უმრავლესობა შედგება არა მარტო პროლეტარებისაგან, არამედ აგრეთვე წვრილი გლეხებისა და წვრილი ბურჟუებისაგან, რომელნიც ჯერ მხოლოდ პროლეტარიატში გადასვლის სტადიაში იმყოფებიან, ყველა თავიანთი პოლიტიკური ინტერესის განხორციელებაში სულ უფრო და უფრო პროლეტარიატზე არიან დამოკიდებული და ამიტომ მალე იძულებული იქნებიან მის მოთხოვნებს მიემხრონ. ამისათვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს კვლავ ახალი ბრძლა, მაგრამ ეს ბრძოლა უეჭველად პროლეტარიატის გამარჯვებით დასრულდება.
დემოკრატია სრულიად უსარგებლო იქნებოდა პროლეტარიატისათვის, თუ მას იგი დაუყოვნებლივ არ გამოიყენებდა როგორც საშუალებას იმ ფართო ღონისძიებათა გასატარებლად, რომელნიც წარმოადგენენ უშუალო იერიშებს კერძო საკუთრებაზე და უზრუნველყოფენ პროლეტარიატის არსებობას. უმთავრესი ეს ღონისძიებები, რომლებიც აუცილებლობის გზით გამომდინარეობს ამჟამად არსებული პირობებიდან, შემდეგია:
1) კერძო საკუთრების შეზღუდვა: პროგრესული ხარკი, მაღალი ხარკი მემკვიდრეობაზე, გაუქმება მემკვიდრეობისა გვერდითი ხაზით (ძმების, ძმისწულების და ა. შ.), იძულებითი სესხები და ა. შ.
2) თანდათანობითი ექსპროპრიაცია მიწის მესაკუთრეებისა, ფაბრიკანტებისა, რკინიგზების და საზღვაო გემების მფლობელებისა ნაწილობრივ კონკურენციის გზით სახელმწიფო მრეწველობის მხრივ, ნაწილობრივ უშუალოდ ასიგნატების გამოსყიდვის გზით.
3) ყველა იმ ემიგრანტთა და მეამბოხეთა ქონების კონფისკაცია, რომელნიც აჯანყდნენ ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ.
4) შრომის ორგანიზაცია ანუ სამუშაოს მიცემა პროლეტარებისათვის ეროვნულ მამულებში, ფაბრიკებსა და სახელოსნოებში, რის გამო თავიდან აცილებული იქნება მუშების კონკურენცია ერთმანეთს შორის, და ფაბრიკანტები, რამდენადაც ისინი კიდევ დარჩებიან, იძულებული იქნებიან ისეთივე მაღალი სასყიდელი იხადონ, როგორსაც სახელმწიფო იხდის.
5) ერთნაირი იძულებითი შრომა საზოგადოების ყველა წევრთათვის კერძო საკუთრების სრულ გაუქმებამდე. სამრეწველო არმიების შექმნა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისათვის.
6) საკრედიტო სისტემისა და ფულით ვაჭრობის ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში სახელმწიფო კაპიტალით აღჭურვილი ეროვნულ ბანკის მეშვეობით. დახურვა ყოველგვარი კერძო ბანკების და საბანკირო კანტორებისა.
7) ეროვნული ფაბრიკების, სახელოსნოების, რკინიგზებისა და საზღვაო გემების რიცხვის გადიდება, დამუშავება ყველა მიწის, რომელიც დაუმუშავებლადაა დატოვებული, და უკვე დამუშავებული მიწების დამუშავების გაუმჯობესება იმის შესაბამისად, თუ როგორ დიდდება კაპიტალები და იზრდება მუშების რიცხვი, რომლებიც ერის განკარგულებაში იმყოფებიან.
8) იმ მომენტიდან დაწყებული, როდესაც ბავშვს შეუძლია დედის მოვლის გარეშე დარჩენა, ყველა ბავშვთა აღზრდა სახელმწიფო დაწესებულებებში და სახელმწიფო ხარჯზე, აღზრდის შეერთება საფაბრიკო შრომასთან.
9) დიდი სასახლეების აგება ეროვნულ მამულებში საერთო სადგომებად მოქალაქეთა კომუნებისათვის, რომელნიც დაადგებიან სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო შრომას, შეიერთებენ ქალაქური და სოფლური ცხოვრების უპირატესობას და იმავე დროს არ დაიტანჯებიან როგორც ერთი, ისე მეორეგვარი ცხოვრების ცალმხრივობისა და ნაკლოვანების გამო.
10) ყველა არაჯანსაღი და ცუდად აშენებული სადგომებისა და უბნების დანგრევა ქალაქებში.
11) მთელი სატრანსპორტო საქმის კონცენტრაცია ერის ხელში.
ყველა ეს ღონისძიებანი, რა თქმა უნდა, ერთბაშად ვერ იქნებიან განხორციელებული, მაგრამ ერთის განხორციელება მეორის განხორციელებას გამოიწვევს. საკმარისია მხოლოდ მოხდეს პირველი რადიკალური შეჭრა კერძო საკუთრებაში და — შემდეგ პროლეტარიატი იძულებული იქნება სულ უფრო და უფრო წინ წავიდეს, სულ უფრო და უფრო მოუყაროს თავის სახელმწიფოს ხელში მთელს კაპიტალს, მთელს მიწათმოქმედებას, მთელს მრეწველობას, მთელს ტრანსპორტს, მთელს სასაქონლო აღებმიცემას. აქეთკენაა მიმართული ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება. ამ ღონისძიებათა განხორციელების შესაძლებლობა და მათ მიერ წარმოშობილი ცენტრალიზაცია იმატებს სწორედ იმავე ზომით, რა ზომითაც ქვეყნის მწარმოებლური ძალები გამრავლდებიან პროლეტარიატის შრომის მეოხებით. დაბოლოს, როდესაც მთელი კაპიტალი, მთელი წარმოება, მთელი აღებმიცემა თავმოყრილი იქნება ერის ხელში, მაშინ კერძო საკუთრება თავისთავად გაქრება. ფული ზედმეტი გახდება, ხოლო წარმოება გაძლიერდება იმ ზომით და ადამიანები იმდენად გამოიცვლებიან, რომ შესაძლებელი შეიქნება ძველი საზოგადოების ურთიერთობათა უკანასკნელი ფორმების გაქრობაც.
მე-19 კითხვა: შეიძლება თუ არა ეს რევოლუცია ერთს რომელსამე ქვეყანაში მოხდეს?
პასუხი: არა. მსხვილმა მრეწველობამ უკვე მით, რომ შექმნა მსოფლიო ბაზარი, ისე დააკავშირა ერთმანეთთან დედამიწის ზურგზე ყველა ხალხები, განსაკუთრებით ცივილიზებული ხალხები, რომ თითოეული მათგანი დამოკიდებულია იმაზე, რაც ხდება მეორესთან. შემდეგ, მსხვილმა მრეწველობამ ისე გაათანასწორა საზოგადოებრივი განვითარება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომ ყველგან ბურჟუაზია და პროლეტარიატი გადაიქცა საზოგადოების ორ გადამწყვეტ კლასად და ბრძოლა მათ შორის — ჩვენი დროის მთავარ ბრძოლად. ამიტომ კომუნისტური რევოლუცია იქნება არა მარტო ეროვნული, არამედ მოხდება ერთსა და იმავე დროს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ე. ი. ყოველ შემთხვევაში, ინგლისსა, ამერიკასა, საფრანგეთსა და გერმანიაში. თითოეულ ამ ქვეყანაში ეს რევოლუცია განვითარდება უფრო სწრაფად ან უფრო ნელა იმის მიხედვით, თუ ამ ქვეყნებიდან რომელში უფრო განვითარებული არის მრეწველობა, მეტია სიმდიდრე დაგროვებული და მოიპოვება მწარმოებლურ ძალთა უფრო მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამიტომ ეს რევოლუცია ყველაზე უფრო ნელა და ძნელად განხორციელდება გერმანიაში, ყველაზე უფრო სწრაფად და ადვილად — ინგლისში. იგი აგრეთვე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებზე და სრულიად შეცვლის და მეტისმეტად დააჩქარებს მათი განვითარების წინანდებურ მსვლელობას. იგი მსოფლიო რევოლუციაა და ამიტომ მას სარბიელად მსოფლიო ექნება.
მე-20 კითხვა: რა შედეგები მოჰყვება კერძო საკუთრების საბოლოო მოსპობას?
პასუხი: მით, რომ საზოგადოება კერძო კაპიტალისტებს ჩამოართმევს ყველა მწარმოებლურ ძალას და მიმოსვლის საშუალებებს, აგრეთვე პროდუქტების გაცვლა-გამოცვლასა და განაწილებას, იმით, რომ იგი ყველა ამის გამგებლობას გასწევს იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს მთლიანად საზოგადოების რესურსებისა და მოთხოვნილებებიდან, — ამით უწინარეს ყოვლისა მოსპობილი იქნება ყველა ის დამღუპველი შედეგები, რომლებიც მსხვილი მრეწველობის წარმართვის დღევანდელ სისტემასთანაა დაკავშირებული. კრიზისები შეწყდება, განვითარებული წარმოება, რომელიც არსებული საზოგადოებრივი წყობილების დროს ჭარბ წარმოებას იწვევს და უბედურებათა ესოდენ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს, მაშინ სრულიადაც საკმარისი არ იქნება და კიდევ უფრო გაფართოებული უნდა იქნეს. წარმოების ნამეტი, რომელიც საზოგადოების უახლოეს მოთხოვნილებათა ფარგალს სჭარბობს, ნაცვლად იმისა, რომ სიღატაკე წარმოშვას, საზოგადოების ყველა წევრთა მოთხოვნილებების უზრუნველმყოფელი იქნება, გამოიწვევს ახალ-ახალ მოთხოვნილებებს და იმავე დროს წარმოშობს საშუალებებს მათ დასაკმაყოფილებლად. ეს ნამეტი იქნება პირობა და სტიმული შემდგომი პროგრესისათვის და განახორციელებს ამ პროგრესს, ამასთანავე არ გამოიწვევს წინანდებურად მთელი საზოგადოებრივი წყობილების პერიოდულ მოშლილობას. მსხვილი მრეწველობა, კერძო საკუთრების ბორკილებისაგან განთავისუფლებული, ისეთი ზომით განვითარდება, რომ მასთან შედარებით მისი ახლანდელი მდგომარეობა იმდენადვე უბადრუკი გამოჩნდება, რაოდენ უბადრუკადაც ჩვენ მანუფაქტურა გვეჩვენება ჩვენი დროის მსხვილ მრეწველობასთან შედარებით. მრეწველობის ეს განვითარება საზოგადოებას მისცემს პროდუქტების საკმაო რაოდენობას, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს ყველა მის წევრთა მოთხოვნილებები. ამგვარადვე მიწათმოქმედება, სადაც, კერძო საკუთრებით გამოწვეული ჩაგვრის გამო და მიწის ნაკვეთების დაქუცმაცების გამო, გაძნელებული არის უკვე არსებულ გაუმჯობესებათა მეცნიერების მიღწევათა შეტანა, შევა აგრეთვე აყვავების სრულიად ახალ ხანაში და პროდუქტთა სრულიად საკმაო რაოდენობას მისცემს საზოგადოების განკარგულებაში. ამგვარად, საზოგადოებას საკმაო პროდუქტების წარმოება ექნება იმისათვის, რომ მოაწყოს განაწილება, ნავარაუდევი ყველა მის წევრთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამით ზედმეტი გახდება საზოგადოების დანაწილება სხვადასხვა, ერთმანეთის მტრულ კლასებად. მაგრამ იგი არა თუ ზედმეტი გახდება, იგი შეუთავსებადიც იქნება ახალ საზოგადოებრივ წყობილებასთან. კლასების არსებობა გამოწვეულია შრომის დანაწილებით, ხოლო შრომის დანაწილება მისი დღევანდელი სახით სრულიად გაქრება, რადგან, რათა სამრეწველო და სამიწათმოქმედო წარმოება აღნიშნულ სიმაღლეზე იქნეს აყვანილი, საკმაო არაა მარტო მექანიკური და ქიმიური დამხმარე საშუალებები. საჭიროა აგრეთვე შესაბამისი ზომით განვითარდეს იმ ადამიანთა უნარიც, რომელთაც მოძრაობაში მოჰყავთ ეს საშუალებანი. როგორც წარსულ საუკუნეში მანუფაქტურებში მოსაქმე გლეხებმა და მუშებმა, მას შემდეგ რაც ისინი მსხვილ მრეწველობაში მოხვდნენ, მთლიანად შეცვალეს მთელი თავიანთი ცხოვრების წყობა და სრულიად სხვა ადამიანებად იქცნენ, ისევე წარმოების გაძღოლას მთელი საზოგადოებრის ძალებით და აქედან გამომდინარე ახალ განვითარებას წარმოებისას სრულიად ახალი ადამიანები დასჭირდება და იგი შექმნის მათ კიდეც. წარმოების საზოგადოებრივი გაძღოლა არ შეიძლება განხორციელებულ იქნეს დღევანდელთა მსგავსი ადამიანების მიერ, რომელთაგან თითოეული ემორჩილება წარმოების ერთ რომელსამე დარგს, მიჯაჭვულია მასზე, განიცდის ექსპლოატაციას მის მიერ, ავითარებს თავის უნართა მხოლოდ ერთ მხარეს ყველა დანარჩენის ხარჯზე და იცის მთელი წარმოების მხოლოდ ერთი დარგი ან დარგის რომელიმე ნაწილი. უკვე დღევანდელ მრეწველობას სულ უფრო და უფრო ნაკლებ ძალუძს ასეთი ადამიანების გამოყენება. მით უფრო ის მრეწველობა, რომლის გაძღოლა სრულდება ერთად და გეგმაზომიერად მთელი საზოგადოების მიერ, გულისხმობს ყოველმხრივ განვითარებული ნიჭის პატრონ ადამიანებს, რომელთაც შესწევთ უნარი გაერკვნენ წარმოების მთელს სისტემაში. მაშასადამე, შორმის დანაწილება, რომელსაც უკვე დღეს ძირი აქვს გამოთხრილი მანქანის მიერ და რომელიც აქცევს ერთს გლეხად, მეორეს — მეწაღედ, მესამეს — ფაბრიკის მუშად, მეოთხეს — ბირჟის სპეკულანტად, გაქრება სრულიად. აღზრდა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას სწრაფად აითვისონ პრაქტიკაში წარმოების მთელი სისტემა, იგი საშუალებას მისცემს მათ რიგრიგობით გადავიდნენ წარმოების ერთი დარგიდან მეორეზე, საზოგადოების მოთხოვნილებებსა და მათ საკუთარ მიდრეკილებაზე დამოკიდებულებით. აღზრდა, მაშასადამე, მათ გაანთავისუფლებს იმ ცალმხრივობისაგან, რომელსაც შრომის თანამედროვე დანაწილება თავს ახვევს თითოეულ ცალკეულ ადამიანს. ამგვარად, კომუნისტურ საფუძველზე ორგანიზებული საზოგადოება შესაძლებლობას მისცემს თავის წევრებს ყოველმხრივ გამოიყენონ თავიანთი ყოველმხრივად განვითარებული უნარი. მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებლად მოისპობიან სხვადასხვა კლასებიც. მაშასადამე, ერთ მხრივ, კომუნისტურ საფუძველზე ორგანიზებული საზოგადოება შეუთავსებადია კლასების შემდგომ არსებობასთან, და, მეორე მხრივ, თვით ამ საზოგადოების მშენებლობა იძლევა საშუალებებს კლასობრივ განსხვავებათა მოსასპობად.
აქედან გამომდინარეობს, რომ ქალაქისა და სოფლის დაპირისპირებაც გაქრება. ერთი და იგივე ადამიანები გასწევენ სამიწათმოქმედო და სამრეწველო შრომასაც, ნაცვლად იმისა, რომ დაუთმონ ეს საკეთებლად ორ სხვადასხვა კლასს. ეს წარმოადგენს კომუნისტური ასოციაციის აუცილებელ პირობას უკვე მატერიალური მიზეზების გამო. მიწათმოქმედი მოსახლეობის გაფანტულობა სოფლებში, სამრეწველო მოსახლეობის დიდ ქალაქებში თავმოყრასთან ერთად, შეესაბამება მხოლოდ მიწათმოქმედებისა და მრეწველობის განვითარების ჯერ კიდევ არასაკმაოდ მაღალ დონეს და წარმოადგენს დაბრკოლებას შემდგომი განვითარებისათვის, რაც უკვე ამჟამად ძლიერად აგრძნობინებს თავს.
საზოგადოების ყველა წევრთა საერთო ასოციაცია მწარმოებლურ ძალთა ერთად და გეგმაზომიერად ექსპლოატაციის მიზნით; წარმოების განვითარება იმ ზომით, რომ იგი აკმაყოფილებდეს ყველას მოთხოვნილებებს; ლიკვიდაცია ისეთი მდგომარეობისა, როდესაც ერთ ადამიანთა მოთხოვნილებები კმაყოფილდება სხვების ხარჯზე; სრული მოსპობა კლასებისა და მათი დაპირისპირებისა; ყოველმხრივი განვითარება საზოგადოების ყველა წევრთა უნარისა შრომის წინანდელი დანაწილების მოსპობის გზით, საწარმოო აღზრდის გზით, მოქმედების ცვლის გზით, ყველას მონაწილეობის გზით ყველა დოვლათში, რომელიც ყველას მიერ იქნება წარმოებული, ქალაქის სოფელთან შეერთების გზით, — აი კერძო საკუთრების ლიკვიდაციის უმთავრესი შედეგები.
21-ე კითხვა: რა გავლენას მოახდენს ოჯახზე კომუნისტური საზოგადოებრივი წყობილება?
პასუხი: სქესთა დამოკიდებულება იქცევა მარტოოდენ კერძო საქმედ, რომელიც მხოლოდ დაინტერესებულ პირთ შეეხება და რომელშიაც საზოგადოებას არ სჭირდება ჩარევა. ეს შეაძლებელი გახდება კერძო საკუთრების გაუქმებისა და ბავშვთა საზოგადოებრივი აღზრდის მეოხებით, რის გამო ისპობა თანამედროვე ქორწინების ორივე საფუძველი, რომლებიც კერძო საკუთრებასთანაა დაკავშირებული, — ცოლის დამოკიდებულება ქმარზე და ბავშვებისა მშობელზე. ამაში მდგომარეობს პასუხი მაღალზნეობიანი მეშჩანების გოდებაზე ცოლების კომუნისტური ერთობის გამო. ცოლების ერთობა წარმოადგენს მოვლენას, რომელიც მთლიანად ბურჟუაზიულ საზოგადოებას ეკუთვნის და სრული მოცულობით არსებობს ამჟამად პროსტიტუციის სახით. მაგრამ პროსტიტუცია კერძო საკუთრებაზეა დამყარებული და მასთან ერთად მოისპობა. მაშასადამე, კომუნისტური ორგანიზაცია არ შემოიღებს ცოლების ერთბას, არამედ, პირიქით, მოსპობს მას.
22-ე კთხვა: რა განწყობილება ექნება კომუნისტურ ორგანიზაციას არსებულ ეროვნებათა მიმართ?
— რჩება[2].
23-ე კითხვა: რა განწყობილება ექნება მას არსებული რელიგიების მიმართ?
— რჩება.
24-ე კითხვა: რით განსხვავდებიან კომუნისტები სოციალისტებისაგან?
პასუხი: ეგრეთ წოდებული სოციალისტები სამ კატეგორიად იყოფიან.
პირველი კატეგორია შედგება ფეოდალური და პატრიარქალური საზოგადოების მომხრეებისაგან, საზოგადოების, რომელიც მოსპობილია და ისპობა ყოველდღე მსხვილი მრეწველობის, მსოფლიო ვაჭრობისა და მათ მიერ შექმნილი ბურჟუაზიული საზოგადოების მიერ. ამ კატეგორიას თანამედროვე საზოგადოების უბედურებათაგან ის დასკვნა გამოჰყავს, რომ უნდა აღდგენილ იქნეს პატრიარქალური და ფეოდალური საზოგადოება, რადგან იგი თავისუფალი იყო ამ უბედურებათაგან. ყველა მისი წინადადება, პირდაპირი ან მოსავლელი გზებით, ამ მიზნისაკენაა მიმართული. კომუნისტები ყოველთვის ენერგიულად იბრძოლებენ რეაქციული სოციალისტების ამ კატეგორიის წინააღმდეგ, მიუხედავად მათი ვითომდა თანაგრძნობისა პროლეტარიატის უბედურების მიმართ და მიუხედავად მათ მიერ ამის გამოისობით ცხარე ცრემლების ღვრისა. ვინაიდან:
1) ეს სოციალისტები მიისწრაფვიან რაღაც სრულიად შეუძლებელისადმი.
2) ცდილობენ აღადგინონ ბატონობა არისტოკრატიის, ამქრული მოქალაქეთა წოდების და მანუფაქტურების მფლობელებისა მათი ამალითურთ; თვითმპყრობელი ანუ ფეოდალური მეფეებით, მოხელეებით, ჯარისკაცებით და ხუცებითურთ; მათ სურთ აღადგინონ ის საზოგადოება, რომელიც, მართალია, თავისუფალი იყო თანამედროვე საზოგადოების ნაკლოვანებათაგან, მაგრამ სამაგიეროდ თან მოიტანდა, სულ ცოტა, იმდენსავე სხვა სატკივარს, ამასთანავე არ გადაგვიშლიდა არავითარ პერსპექტივებს დაჩაგრული მუშების განსათავისუფლებლად კომუნისტური ორგანიზაციის მეშვეობით.
3) თავიანთ ნამდვილ განზრახვებს ისინი ყოველთვის ამჟღავნებენ, როდესაც პროლეტარიატი ხდება რევოლუციური და კომუნისტური. ამ შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ ერთიანდებიან ბურჟუაზიასთან პროლეტარიატის წინააღმდეგ.
მეორე კატეგორია შედგება ახლანდელი საზოგადოების მომხრეებისაგან, რომელნიც, მასთან დაკავშირებულ უბედურებათა გამო, შიშობენ ამ საზოგადოების არსებობისათვის. იმათი მისწრაფებაა, მაშასადამე, შეინარჩუნონ ახლანდელი საზოგადოება, მაგრამ მოსპონ მასთან დაკავშირებული ბოროტება. ამისათვის ერთნი იძლევიან უბრალო ქველმოქმედების ღნისძიებათა წინადადებებს, მეორენი — რეფორმების დიად გეგმებს, რომელთაც, საზოგადოების რეორგანიზაციის საბაბით, მიზანთ აქვთ ახლანდელი საზოგადოების საფუძვლების შენარჩუნება და მით შენარჩუნება თვით ახლანდელი საზოგადოებისაც. ამ ბურჟუაზიული სოციალისტების წინააღმდეგაც კომუნისტებმა შეუწყვეტელი ბრძოლა უნდა აწარმოონ, იმიტომ რომ მათი მოქმედება კომუნისტების მტრების სასარგებლოდაა მიმართული და ისინი იმ საზოგადოებრივ წყობილებას იცავენ, რომლის დამხობა კომუნისტებს სურთ.
დაბოლოს, მესამე კატეგორია შედგება დემოკრატიული სოციალისტებისაგან. მიჰყვებიან რა კომუნისტებს, მათ სურთ იმ ღონისძიებების ნაწილის განხორციელება, რომლებიც აღნიშნულია… კითხვაში,[3] მაგრამ არა როგორც ისეთი ღონისძიებებისა, რომლებიც გარდამავალია კომუნიზმისაკენ, არამედ როგორც ისეთი ღონისძიებების, რომლებიც საკმარისია სიღატაკისა და ახლანდელი საზოგადოების უბედურებათა მოსასპობად. ეს დემოკრატიული სოციალისტები არიან ან პროლეტარები, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ თავისთვის საკმაოდ მათი კლასის განთავისუფლების პირობები, ანდა არიან წარმომადგენლები წვრილი ბურჟუაზიის, ე. ი. იმ კლასის, რომელსაც, ვიდრე მოხდებოდეს ბრძოლით დემოკრატიის მოპოვება და დემოკრატიიდან გამომდინარე სოციალისტურ ღონისძიებათა განხორციელება, ბევრ შემთხვევაში იგივე ინტერესები აქვს, რაც პროლეტარებს აქვთ. ამიტომ კომუნისტები მოქმედების მომენტებში დასდებენ შეთანხმებას დემოკრატიულ სოციალისტებთან, და, საერთოდ ამ მომენტში კომუნისტები უნდა ადგნენ შეძლებისამებრ მათთან საერთო პოლიტიკას, უკეთუ ეს სოციალისტები არ გადავლენ გაბატონებული ბურჟუაზიის სამსახურში და არ დაიწყებენ კომუნისტებზე თავდასხმას. რა თქმა უნდა, ერთად მოქმედება არ გამორიცხავს იმ უთანხმოებათა განხილვას, რომელნიც არსებობენ მათ და კომუნისტებს შორის.
25-ე კითხვა: რა განწყობილება აქვთ კომუნისტებს ახლანდელი დროის დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მიმართ?
პასუხი: ეს განწყობილება სხვადასხვა ქვეყნებში. ინგლისსა, საფრანგეთსა და ბელგიაში, სადაც ბურჟუაზია ბატონობს, კომუნისტებს ჯერ კიდევ აქვთ საერთო ინტერესები სხვადასხვა დემოკრატიულ პარტიებთან, ამასთანავე ეს ინტერესები მით უფრო მნიშვნელოვანია, რაც უფრო უახლოვდებიან დემოკრატები კომუნისტებს იმ სოციალისტურ ღონისძიებებში, რომელთაც ისინი ყველგან იცავენ დღეს, ე. ი. რაც უფრო ნათლად და გარკვევით იცავენ ისინი პროლეტარიატის ინტერესებს და რაც უფრო მეტად ეყრდნობიან პროლეტარიატს. ინგლისში, მაგალითად, ჩარტისტები, რომელნიც მუშებისაგან შედგებიან, განუზომლად უფრო ახლოს არიან კომუნისტებთან, ვიდრე დემოკრატიული წვრილი ბურჟუები ან ეგრეთ წოდებული რადიკალები.
ამერიკაში, სადაც დემოკრატიული კონსტიტუცია მოქმედებს, კომუნისტებმა მხარი უნდა დაუჭირონ იმ პარტიას, რომელსაც სურს ეს კონსტიტუცია მიმართოს ბურჟუაზიის წინააღმდეგ, და გამოიყენონ იგი პროლეტარიატის ინტერესებისათვის, ე. ი. ეროვნულ-აგრარული რეფორმის მომხრეთა პარტიას.
შვეიცარიაში რადიკალები თუმცა ჯერ კიდევ ძალიან შერეული შემადგენლობის მქონე პარტიას წარმოადგენენ, მაგრამ მაინც მათი პარტია ერთადერთი პარტიაა, რომელთანაც კომუნისტებს შეუძლიათ შეთანხმება მოახდინონ. ამ რადიკალებს შორის ყველაზე პროგრესულები არიან ვაადტის და ჟენევის კანტონების რადიკალები.
დაბოლოს, გერმანიაში ჯერ კიდევ წინ არის გადამჭრელი ბრძოლა ბურჟუაზიასა და აბსოლუტურ მონარქიას შორის. მაგრამ რადგან კომუნისტებს არ შეუძლიათ მოელოდნენ, რომ მათ მოუხდებათ გადამჭრელი ბრძოლის გამართვა ბურჟუაზიასთან მანამდე, ვიდრე ბურჟუაზია გაბატონებას მიაღწევდეს, ამიტომ კომუნისტების ინტერესი მოითხოვს დაეხმარონ ბურჟუაზიას რაც შეიძლება მალე მიაღწიოს გაბატონებას, რათა შემდეგ რაც შეიძლება მალე დაამხონ თავის მხრივ ეს ბურჟუაზია. ამგვარად, კომუნისტები ყოველთვის დახმარებას უნდა უწევდნენ ლიბერალურ ბურჟუაზიას მის გამოსვლებში მთავრობების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს უნდა ერიდონ თავის მოტყუებას, როგორ თავის მოტყუებასაც ბურჟუაზია ეძლევა, და არ დაუჯერონ ბურჟუაზიის აღთქმებს იმ სასიკეთო შედეგების შესახებ, რომლებსაც ვითმ მოუტანს პროლეტარიატს ბურჟუაზიის გამარჯვება. ბურჟუაზიის გამარჯვებიდან წარმომდგარი უპირატესობანი კომუნისტებისათვის მარტოოდენ შემდეგია: 1) სხვადასხვაგვარი დატმობები, რომლებიც კომუნისტებს გაუადვილებს მათი პრინციპების დაცვას, განხილვასა და გავრცელებას და მით გააადვილებს პროლეტარიატის გაერთიანებას შემჭიდროებულ, ბრძოლისათვის მზა და ორგანიზებულ კლასად, და 2) რწმენა, რომ იმ დღიდან, როდესაც თვითმპყრობელი მთავრობები დაეცემიან, ჯერი დადგება ბრძოლისათვის ბურჟუებსა და პროლეტარებს შორის. ამ დღიდან დაწყებული კომუნისტების პარტიული პოლიტიკა აქ ისეთივე იქნება, როგორიც იმ ქვეყნებშია, სადაც ბურჟუაზია უკვე გაბატონებული კლასია.
[1] მე-9 კითხვაზე პასუხის ნაცვლად ენგელსის მიერ ცარიელი ადგილია ხელნაწერში დატოვებული. [რედაქცია].
[2] ხელნაწერში 22-ე, აგრეთვე მომდევნო, 23-ე კითხვაზე პასუხის ნაცვლად წერია სიტყვა “რჩება”. ეტყობა, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხი უნდა დარჩეს იმ სახით, როგორიც ჩამოყალიბებული იყო კომუნისტების კავშირის პროგრამის ერთ-ერთ წინასწარ პროექტში, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. [რედაქცია].
[3] ხელნაწერში გამოტოვებულია; იგულისხმება მე-18 კითხვა. [რედაქცია].